ალტ-ინფო

ალტ-ინფოსა და სილქნეტს შორის შეთანხმება შედგა – არხი სილქნეტის პაკეტში განთავსდება

პუტინისტურ მედია ალტ-ინფოსა და სილქნეტს შორის მოლაპარაკება შედგა. კომპანიების წარმომადგენლებმა 8 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმეს და არხი სილქნეტის სამომხმარებლო პაკეტში განთავსდება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, სილქნეტის წინააღმდეგ ალტ-ინფომ მარეგულირებელში სარჩელი 17 ივნისს შეიტანა. სარჩელის მიხედვით, ალტ-ინფომ მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს მიმართა მოთხოვნით, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში, თუმცა, მოთხოვნა მხოლოდ 2-მა კომპანიამ დააკმაყოფილა, ახალი ქსელებმა და მაგთიკომმა, ხოლო სილქნეტმა უარი თქვა.

ამასთან დაკავშირებით, 11 ივნისს, პრორუსულმა, პუტინისტურმა და ულტრანაციოანალისტურმა პლატფორმა ალტ-ინფო-მ Youtube-ზე ვიდეო განათავსა, სადაც სილქნეტს ადანაშაულებდა კანონის დარღვევაში. ალტ-ინფო სარჩელში ეყრდნობოდა მაუწყებლობის შესახებ კანონის 40 (1) მუხლს, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებულები არიან, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული არხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსონ.

ამასთან ერთად, მოცემული კანონმდებლობის მიხედვით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებსა და ნებართვებს გასცემს მხოლოდ კომუნიკაციების კომისია, რომელმაც ალტ-ინფოს მაუწყებლობის უფლება 2020 წლის ნოემბერში მისცა. 2021 წლის 9 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ალტ-ინფოს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლებაც მისცა.

შესაბამისად, ფორმალურად სილქნეტი კანონს არღვევდა, მეორე მხრივ კი, საქმე ეხება დაჯგუფებას, რომელმაც უკვე დააორგანიზა რამდენიმე ძალადობრივი აქცია და მისი პლატფორმების საშუალებით კვლავ ხდება ღია მუქარა, როგორც ჟურნალისტების, ისე სექსუალური უმცირესობების მიმართ. ალტ-ინფოს დამფუძნებლები ჩართული იყვნენ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებში, როდესაც ორკებმა თბილისი პრიადის კონტრაქცია გამართეს და დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს. 

კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს 5, 6, 7 და 12 ივლისის ეთერი და 2 აგვისტოს დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ძალადობისაკენ მოწოდებას. კომპანია უხამსობის საბაბით ცნო სამართალდამრღვევად და პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.

6 სექტემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ალტ-ინფოს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის დასჯის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მოწოდების ფაქტებს. 

კომენტარები