ალტ-ინფო

კომუნიკაციების კომისიამ პუტინისტურ ალტ-ინფოს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა

კომუნიკაციების კომისიამ ძალადობრივ და პუტინისტურ მედია ალტ-ინფოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა. 

9 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ალტ-ინფოს მოთხოვნით, 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც ალტ-ინფო სტერეო +-ის მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან გავრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია მედიის უფლებების ანგარიშის თანახმად, მოდიფიცირების პროცესში კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ. მაგალითად, კომისიას არ გამოუკვლევია განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია ეროვნული გავრცელებისათვის საჭირო ხარჯებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ.

პუტინისტური მედია ალტ-ინფოს საშუალებით აქტიურად ვრცელდება ჰომოფობიური გზავნილები. მისი დამფუძნებლები ჩართული იყვნენ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებში, როდესაც ორკებმა თბილისი პრიადის კონტრაქცია გამართეს და დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს. 

კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს 5, 6, 7 და 12 ივლისის ეთერი და 2 აგვისტოს დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ძალადობისაკენ მოწოდებას. კომპანია უხამსობის საბაბით ცნო სამართალდამრღვევად და პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.

6 სექტემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ალტ-ინფოს დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის დასჯის მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მოწოდების ფაქტებს. 

კომენტარები