ეკონომიკა

ეკონომიკის 9.9%-იანი ზრდის მიზეზები – საქსტატის დირექტორის განმარტება

საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 12.2%-ია.

2019 წლის ივლისთან შედარებით კი ეკონომიკა მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა. 

საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, ზრდის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზრდა დაკავშირებულია დამამუშავებელ მრეწველობის სექტორთან, საფინანსო და სადაზღვევო, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდის ტენდენციასთან. 

"რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა, ძირითადად, დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, 2-ჯერ და მეტადაა გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ზრდის მიზეზად გვევლინება ასევე ღვინის, მინერალური წყლების და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებაც. გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციის და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც, ამასთან, 36%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი. 

საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი სესხებიდან გამომდინარე შემოსავლების მიღება, დაახლოებით, 39%-ით არის გაზრდილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია, ძირითადად, დაკავშირებული იყო, როგორც საჰაერო, ისე საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, გაზრდილია ასევე სატვირთო ტრანსპორტის ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასწყობების მაჩვენებელიც",- თქვა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის დირექტორის თანახმად, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და მიმდინარე წლის ივლისში 230 000-ს გადასცდა.

"ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც, რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია საბაზისო ეფექტიც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც, თუ გასული წლის ივლისში აღნიშნული მაჩვენებელი 46 000-ს არ აღემატებოდა, 2021 წლის ივლისში 230 000-ს გადააჭარბა.

ვაჭრობის სექტორში ზრდის ტენდენცია, ძირითადად, დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით, საკვები პროდუქტებით, ფარმაცევტული საქონლით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობის ზრდასთან". – თქვა თოდრაძემ.

კლების ტენდენცია კი სამთომომპოვებითი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში შეინიშნებოდა, თოდრაძის თანახმად, 20%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, ცემენტისა და კლინკერის იმპორტი კი - 8%-ით.

კომენტარები