არჩევნები 2021

მაჭარაშვილი: ხალხი დაიღალა სიძულვილის ენით, არ უნდა გავიდეს ასეთი ტიპის ვიდეორგოლი

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

"ხალხი დაიღალა სიძულვილის ენით და რაღაც ნეგატიური ფონის შექმნით. არ უნდა გავიდეს ასეთი ტიპის ვიდეორგოლი საზოგადოებაში". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი იმედის ეთერში პოლიტიკურ რეკლამებზე საუბრისას. 

სამთავრობო მედია იმედმა ევროპული საქართველოს უფასო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა და ამტკიცებს, რომ მის ეთერში გაშვებას "სიძულვილის ენის" გამო არ აპირებს. 

იმედის ჟურნალისტმა ოცნების დეპუტატს ჰკითხა, საჭიროა თუ არა, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდებოდეს. 

"აუცილებლად. ის, რაც დღეს უკვე ხდება, კანონმდებლობის პრაქტიკაში გადატანა, მაგალითად, მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთ-ერთი რგოლი, სადაც არის სიძულვილის ენა, ნეგატივსა და დესტრუქციაზე აგებული რეკლამა, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ვიდეორგოლი იქნება თუ განცხადებები, არ უნდა გავიდეს საზოგადოებაში. რატომ? იმიტომ, რომ წინასაარჩევნო კამპანია და უფასო პოლიტიკური რეკლამები პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ იმისთვის, რომ რამე შესთავაზონ საზოგადოებას. კი ბატონო, გააკრიტიკონ ხელისუფლება, თქვან, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არასწორია და ალტერნატიული შეთავაზება აქვთ. გაკრიტიკება ნებისმიერი ფორმით შეიძლება, რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ ის, რომ საზოგადოება დაიღალა ამ სიძულვილის ენით და რაღაც ნეგატიური ფონის შექმნით, ბუნებრივია. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დავამთავროთ. პრაქტიკულად უნდა მოხდეს ამის შეფერხება, შეწყვეტა". - ამბობს მაჭარაშვილი.  

ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ცინიზმია, როცა იმედი - "ოცნების პროპაგანდის ორგანო", სიძულვილის ენის საბაბს იყენებს პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად. ბოკერიას თქმით, იმედის გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევაა და კანონმდებლობაში არანაირი საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, კანონი ავალდებულებს ყველა ტელევიზიას, საარჩევნო კამპანიის დროს შინაარსობრივი ცენზურის გარეშე გაუშვან ყველა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის კლიპები.  

კომენტარები