ევროპული საქართველო

ბოკერია: ცინიზმია, როცა იმედი – ოცნების პროპაგანდის ორგანო, სიძულვილის ენის საბაბს იყენებს

ტაბულა

"ცინიზმია, როცა იმედი - ოცნების პროპაგანდის ორგანო, სიძულვილის ენის საბაბს იყენებს პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია იმედის მიერ მათი პოლიტიკური რეკლამის "სიძულვილის ენის" მიზეზით დაბლოკვას.

"ეს არის ტელეკომპანია, რომელიც თავის ეთერში რუტინულად უშვებდა ივანიშვილის რეჟიმის არა მარტო ძალიან აგრესიულ, ნეგატიურ კლიპებს, არამედ სარედაქციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიური და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე. 

ჩვენ გვახსოვს თავის დროზე სისხლის მდინარეები, რომელიც კადრში იყო გადაცემის სარედაქციო ფონად. შემდეგ თვითონაც თქვეს, შეიძლება, ზედმეტი მოგვივიდაო. ჩვენ გვახსოვს ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური ცილისწამების კამპანია, რომელიც იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ, დავითგარეჯასთან დაკავშირებით - სავსე ტყუილებით და ქვეყნის ღალატის ცილისმწამებლური ბრალდებით, კონკრეტული ფაქტების მოგონებით. მათი სარედაქციო პროპაგანდა იყო "გარეჯი საქართველოა". დღეს ეს ტელეკომპანია პოლიტიკურ თუნდაც მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კრიტიკას ბლოკავს'. - ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიას შეფასებით, იმედის გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევაა და კანონმდებლობაში არანაირი საფუძველი არ აქვს. მისი თქმით, კანონი ავალდებულებს ყველა ტელევიზიას, საარჩევნო კამპანიის დროს შინაარსობრივი ცენზურის გარეშე გაუშვან ყველა კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის კლიპები. 

"ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის მქონე ტელევიზიებს ვალდებულება აქვთ, რომ გაუშვან ხელისუფლების კლიპები და პირიქით - ხელისუფლების მიმართ სარედაქციო თვალსაზრისით ლოიალურ, ამ შემთხვევაში, პირდაპირ პროპაგანდის ორგანო ტელევიზიებს, როგორიც არის იმედი, აქვთ ვალდებულება, რომ გაუშვან ხელისუფლების მიმართ მწვავე, კრიტიკული შინაარსის მქონე კლიპებიც. 

აქ თუ გაჩნდა საფუძველი კანონის ინტერპრეტაციის, რომ შინაარსში შედის შედის ტელეკომპანია და რასაც მისთვის მიუღებელი შინაარსის კლიპად მიიჩნევს, იმას არ გაუშვებს, მაშინ ეს რეგულაცია აზრს კარგავს. კანონის უტიფარი დარღვევაა იმედის მხრიდან. ეს პირველად არ ხდება, წინა კამპანიის დროსაც ასე მოიქცნენ და მარეგულირებელმა კომისიამ კამპანია დასრულებული რომ იყო, მაშინ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ იმედი კანონს არღვევდა". - ამბობს გიგა ბოკერია.   

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის შეფასებით, იმედის გადაწყვეტილება არის მიდგომა, რომელიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას აქვთ - მათთვის მტკივნეული გზავნილი, სადაც შანსი აქვთ, დაბლოკონ. 

"ის, რაც ახლა ხდება კანონის უტიფარი დარღვევით, ცინიკური, ფარისევლური მოტივით ტელეკომპანია იმედზე, ეს არის სახე იმის, რა უნდა ივანიშვილს, რომ გააკეთოს მთელ ქვეყანაში, ყველა მედიასთან მიმართებაში. ამიტომ არის ეს განსაკუთრებით საგანგაშო, არა იმიტომ, რომ იმედი აკნონს არღვევს - ეს საერთოდ არ მიკვირს". - ამბობს ის. 

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. ევროპული საქართველო სამართლებრივი ზომების მიღებას აპირებს. 

კომენტარები