COVID-19

საბერძნეთი აუცრელი მოსახლეობისთვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს 

საბერძნეთი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს მიღებული, ახალ რეგულაციებს აწესებს

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ ექვს თვეში კორონავირუსის გადატანის ან აცრის დამადასტურებელი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით სწრაფი ტესტის გაკეთება. 

ის პირებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში სწრაფი ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. ეს რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც. 

აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. 

გარდა ამისა, ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობისათვის აუცილებელია სწრაფი ტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა. 

ჯანდაცვის მინისტრის, ვასილის კილილიასის განმარტებით, რეგულაციები არ არის სადამსჯელო ხასიათის და ის აუცრელი მოსახლეობის შევიწროებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მთავრობა ცდილობს, წაახალისოს ვაქცინაციის კამპანია და შეზღუდოს ვირუსის გავრცელება.

ამჟამინდელი მონაცემებით, საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის 60% აცრილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მაინც. 
 

კომენტარები