არჩევნები 2021

ხაზარაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, ყველა შემოუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა. ხაზარაძემ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ლელომ "ძალიან დიდი წვლილი შეიტანა" შარლ მიშელის დოკუმენტის შექმნაში.

"ლელომ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სწორედ დღეს, 43%-იანი ბარიერის ჩანაწერი გვაძლევს იმის შანსს, რომ ქვეყანაში მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები.

სამწუხაროდ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია დღესაც არ არის დე იურე შეერთებული, თუმცა, ფაქტობრივად ისინი ამ დოკუმენტს მიყვებიან და მინდა, ვისურვო და მოვუწოდო, უახლოეს ხანში ყველა შემოუერთდეს ამ დოკუმენტს, რათა ერთიანი ძალებით, ერთიანი ფრონტით გადავტეხოთ ის მანკიერი მმართველობა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა". – თქვა ხაზარაძემ.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტმა "თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ევროპულმა საქართველონ, ლეიბორისტულმა პარტიამ, პარტიამ - კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრმა და ამჟამად დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. შეთანხმებას ხელი არ მოაწერა არც ენმ-მ, თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ

კომენტარები