ავღანეთი

WP: თალიბანის მოწინააღმდეგეები პირველ გამარჯვებებს აცხადებენ, დაიკავეს სამი რაიონი

შეიარაღებული პირები, რომლებიც ავღანეთის თავდაცვის ძალების დარჩენილ ნაწილებს მხარს უჭერენ, პანჯშირი, 2021 წლის 19 აგვისტო
Washington Post

Washtington Post-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში თალიბანის მოწინააღმდეგე შეიარაღებულმა ჯგუფებმა პირველ გამარჯვებებს მიაღწიეს და ისლამისტები ჩრდილოეთის სამი რაიონიდან განდევნეს. ეს იყო პირველი შეტაკებები, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ქაბული დაიკავა. 

შეიარაღებულ მოწინააღმდეგეთა ლიდერების თქმით, მათ ბაღლანის პროვინციაში რაიონების დაკავების დროს თალიბანის 30 წევრი მოკლეს, 20 კი დაატყვევეს. შეტაკებები დედაქალაქის ჩრდილოეთით, დაახლოებით 160 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ბრძოლაში ჩაერთნენ ყოფილი ავღანელი სამხედროებიც. 

"ისეთი რამ გავაღვივეთ, რაც ავღანეთში ისტორიულია. თალიბანის მებრძოლებს ჯავშნოსანი მანქანები ჰყავთ, მაგრამ ხალხმა მათ ქვები დაუშინა და გარეკა. სანამ ვცოცხლობთ, თალიბანის მმართველობას არ შევეგუებით". – ამბობს სედიქულა შუჯა, ერთ-ერთი ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც რაიონების გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა. 

სამ რაიონში, ფული ჰისარში, დიჰ სალაჰსა და ბანოში, სადაც თალიბანის მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს, დაჯგუფება კარდაკარ დადიოდა და მოსახლეობას ჩხრეკდა.

თალიბანის მოწინააღმდეგეების გამარჯვებას ამტკიცებს ავღანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბისმილა ხან მუჰამადიც.

ბაღლანის პროვინციის წინააღმდეგობა კავშირში არ არის აჰმედ მასუდის წინააღმდეგობის მოძრაობასთან.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები