ავღანეთი

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს, ანას ჰაკანის, შეხვდა. ჰამიდ კარზაი პრეზიდენტის მოვალეობას 2001-2014 წლებში ასრულებდა. 

15 აგვისტოს, როდესაც თალიბანმა ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი გაიქცა, ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც საკუთარ შვილებთან ერთად იდგა. მიმართვაში მან თქვა, რომ არსად გაქცევას არ აპირებდა და თალიბანთან მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავდა. 

Reuters-ის ცნობით, კარზაის თან ახლდა წინა მთავრობის დროს თალიბანთან სამშვიდობო საუბრების მთავარი ხელმძღვანელი, აბდულა აბდულა, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას თალიბანთან ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. 

ანას ჰაკანი ჰაკანის ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. ჰაკანის ქსელი თალიბანის ერთ-ერთი მთავარი მამოქმედებელი სტრუქტურაა, რომელსაც სირაჯუდდინ ჰაკანი მეთაურობს.

დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, თალიბანის ლიდერები საიდუმლოდ ცხოვრებას აღარ აპირებენ, როგორც ეს 1996-2001 წლებში იყო და ისინი ნელ-ნელა გამოჩნდებიან.

გუშინ, 17 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში, კანდაჰარის პროვინციაში დაბრუნდა მოლა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც დაჯგუფების მთავარი პოლიტიკური ფიგურა და ერთ-ერთი დამაარსებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მთავრობის ნაწილი და ექსპრეზიდენტი კარზაი თალიბანთან ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ, სხვა გზა აირჩია ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა, რომელიც პანჯშირის რეგიონში ჩავიდა, თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და ავღანელ ხალხს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები