ავღანეთი

ავღანეთში, ჯალალაბადში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, თალიბანმა ცეცხლი გახსნა

საპროტესტო აქციები ჯალალაბადში
Pajhwok Afghan News

ინდური მედიის ცნობით, ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თალიბანი ქვეყნის დროშის შეცვლას აპირებდა და ქალაქის ადმინისტრაციული შენობებიდან ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროშის ჩამოხსნა დაიწყეს. 

დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში შეიკრიბნენ, მოაწყვეს მსვლელობა და ისლამური რესპუბლიკის დროშას აფრიალებდნენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თალიბანმა ცეცხლი გახსნა, ასევე სცემეს ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. უცნობია, თუ არიან დაშავებულები და გარდაცვლილები.

ამას გარდა, გუშინ, 17 აგვისტოს ათობით ქალმა ქაბულში პირველი საპროტესტო აქცია გამართეს, მას შემდეგ, რაც თალიბანმა დედაქალაქი დაიკავა. დემონსტრანტები ქალთა უფლებების დაცვას ითხოვდნენ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები