ავღანეთი

ზურაბიშვილი: მადლობა უნგრეთს, ქაბულიდან საქართველოს 6 მოქალაქის დაბრუნებაში დახმარებისთვის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის უნგრული ბორტით ქვეყანაში დაბრუნებისთვის, უნგრეთს მადლობა გადაუხადა. 

"მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველებიც სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან". – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 

ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უნგრული ბორტით საქართველოში დაბრუნდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობა გრძელდება.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნებას კიდევ 16 ქართველი ელოდება. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ქაბულში ქართულ თვითმფრინავს გაგზავნიდნენ, თუმცა, ამ საკითხზე სიახლე ჯერჯერობით არ არის.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

 

კომენტარები