ავღანეთი

მედია: ქაბულიდან აფრენილი ამერიკული თვითმფრინავის ასაკეც ბორბლებში ცხედარი იპოვეს

ავღანელები მისდევენ ასაფრენ ბილიკზე მყოფ C-17-ს

მედიის ცნობით, ქაბულის აეროპორტიდან აფრენილ აშშ-ს საჰაერო ძალების С-17-ის ასაკეცი ბორბლების მექანიზმში ადამიანის ცხედარი იპოვეს. 

გუშინ, 16 აგვისტოს, როდესაც ამერიკული თვითმფრინავი ევაკუაციის მისიას ასრულებდა და უკვე ასაფრენ ბილიკზე სიჩქარეს იკრებდა, ავღანელები თვითმფრინავზე ასვლას ცდილობდნენ. მათ ქვეყნის დატოვება თალიბანის საფრთხის გამო სურდათ. გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ ცაში აფრენილი თვითმფრინავიდან როგორ ვარდება ორი ადამიანი, რომელიც მას გარედან ებღაუჭებოდა. 

აეროპორტში არსებული ქაოსის დროს გარდაიცვალა 7 ადამიანი. ზუსტად არ არის ცნობილი ყველა ადამიანის სიკვდილის მიზეზი. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები