ავღანეთი

თალიბანი: ქვეყანა არავინ უნდა დატოვოს, გვჭირდება ყველა ნიჭიერი ადამიანი აღორძინებისთვის

სუჰაილ შაჰინი

თალიბანის სპიკერმა, სუჰაილ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში, ავღანეთში ძალაუფლების თალიბანის მიერ ხელში ჩაგდების შემდეგ, ქვეყნის მომავალზე, ქალების უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოზე ისაუბრა. შაჰინი ირწმუნება, რომ ავღანელები უსაფრთხოდ იქნება, თალიბანი არავისზე შურისძიებას არ აპირებს, ქვეყანაში დაცული იქნება ყველას სიცოცხლე, საკუთრება, ქალებს განათლებასა და მუშაობაზე ექნებათ წვდომა და ქვეყანაში იქნება თავისუფალი მედია.

"ვარწმუნებთ ხალხს ავღანეთში და განსაკუთრებით ქაბულში, მათ საკუთრებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - შურისძიებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ხალხის და ქვეყნის სამსახურში". – თქვა შაჰინმა.

ჟურნალისტის კითხვებზე, ექნებათ თუ არა ქალებს ავღანეთში განათლების მიღების უფლება და მუშაობის უფლება, პასუხისას სუჰაილ შაჰინი თალიბანის "პოლიტიკაზე" საუბრობს, რომლის თანახმადაც ქალებს ექნებათ წვდომა განათლებაზე, სამუშაოზე, ოღონდ, მათ, "რა თქმა უნდა, უნდა ატარონ ჰიჯაბი". ხოლო სად შეძლებენ მუშაობას, ამას მომავალი ისლამური მთავრობა გადაწყვეტს.

შაჰინი აღნიშნავს, რომ ქალებს არ უნდა ეშინოდეთ და რომ მათი მდგომარეობა იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე წარსულში.

"ქალებს არ უნდა ეშინოდეთ, მათი ღირსება, საკუთრება, განათლების და მუშაობის უფლება [იქნება დაცული], ვიქნებით ამის ერთგული, არ უნდა ინერვიულონ. ვფიქრობ, განათლებაზე და სამუშაოზე წვდომა იქნება უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე წარსულში". – თქვა შაჰინმა.

შაჰინის თქმით, თალიბანს სურს ისლამური მთავრობის ჩამოყალიბება, ავღანეთის ინკლუზიური ისლამური მთავრობა არის "ხალხის მოთხოვნა". ისლამურ სახელმწიფოში შარიათის კანონი იმოქმედებს. შაჰინის თანახმად, დანაშაულისთვის სასჯელს სასამართლო გადაწყვეტს, იქნება ეს სიკვდილით დასჯა თუ რომელიმე სხვა მკაცრი სასჯელი, ხოლო მოსამართლეებს შესაბამისი პროცედურის გზით მომავალი მთავრობა დანიშნავს.

შაჰინი აღნიშნავს, რომ თალიბანს სურს, მოქალაქეები ქვეყანაში დარჩნენ და ქვეყნის აღორძინებისთვის იმუშაონ. თავად თალიბანი კი მზადაა, ყველასთან ითანამშრომლოს.

"ქვეყანა არავინ უნდა დატოვოს. ეს არის ქვეყანა ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება ყველა ნიჭიერი ადამიანი, ჩვენ ვასრულებთ ომის თავს და ვიწყებთ ახალ თავს - აღორძინების, მშვიდობის, ტოლერანტობის, ეროვნული ერთობის. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა ავღანელი დარჩეს ქვეყანაში და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმავლობაში და იყოს ხალხის სამსახურში." – ამბობს შაჰინი.

თალიბანის სპიკერის თქმით, ამ სურვილის მიუხედავად, თალიბანი ქვეყნის დატოვების მსურველებს ვერაფერს აიძულებს. ხოლო ჟურნალისტის კომენტარზე, რომ ხალხს თალიბანის ეშინია და თალიბანის მხრიდან ძალადობის, იძულების საფრთხე გრძნობს, შაჰინი ამბობს, რომ ეს მოსაზრებები გაზვიადებულია და შიშები რეალობაზე არ არის დაფუძნებული.

შაჰინმა ასევე ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე. ის აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედია მნიშვნელოვანია ისლამური სახელმწიფოსთვის, თუმცა მედიამ თავიდან უნდა აიცილოს სხვისი "რეპუტაციის შელახვა". შაჰინის თანახმად, მედია თალიბანის კრიტიკულიც უნდა იყოს.

"თუ არის ხარვეზები, ისინი [მედია] უნდა იყვნენ კრიტიკული, რადგან თუ ისინი არ არიან კრიტიკულები, მაშინ როგორ გამოვსწორდებით. ისლამში ერთი მორწმუნე მეორისთვის არის სარკე. სარკე ნიშნავს, რომ სხვას აჩვენებ, რა არის". – თქვა შაჰინმა.

ინტერვიუს დროს შაჰინმა გამოთქვა იმედი, რომ მომავალი იქნება მშვიდობიანი და "ომისგან თავისუფალი". თალიბანის სპიკერი ასევე ამბობს, რომ ისინი ნებისმიერ ავღანელთან არიან მზად თანამშრომლობისთვის.

"ჩვენ ვიმუშაოთ ნებისმიერ ავღანელთან, რადგანაც გვინდა დავიწყოთ მშვიდობის, ტოლერანტობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ეროვნული ერთობის ახალი თავი - ქვეყნისთვის და ავღანელი ხალხისთვის". – თქვა შაჰინმა.

შაჰინი დასძენს, რომ თალიბანს ამერიკასთანაც სურს თანამშრომლობა, თუ აშშ ავღანელ ხალხს აღორძინებაში დაეხმარება. სპიკერი მიიჩნევს, რომ საელჩოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ყველამ ქვეყანაში უნდა გააგრძელოს იმ სამუშაოს კეთება, რომელსაც წარსულში ასრულებდნენ და მათ თალიბანისგან საფრთხე არ ემუქრებათ.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები