ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში 5 ადამიანი დაიღუპა, ავღანეთის დატოვებას ათასობით ადამიანი ცდილობს

ქაბულის აეროპორტში ავღანეთის დატოვების მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გამოცემა Reuter-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 5 ადამიანი. თვითმხილველის თანახმად, მან დაინახა, როგორ გაჰყავდათ 5 ცხედარი აეროპორტიდან. კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, უცნობია, ადამიანები სროლის შედეგად დაიღუპნენ თუ ჭყლეტაში მოჰყვნენ.

ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ავღანეთის დატოვებას ცდილობს. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომლებიც ქვეყნიდან დიპლომატიური მისიებისა და უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციას ხელმძღვანელობენ. კომერციული ფრენები გაუქმებულია.

ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო ქაბულის აეროპორტიდან. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ხალხი მოეჭიდოს აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავს.

ერთ-ერთი ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ვარდება ადამიანი თვითმფრინავიდან, რომლის ბორბლებსაც ეჭიდებოდა და ასე ცდილობდა ქაბულიდან გაფრენას. Asvakanews-ის თანახმად, ვარდნის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი.

ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფება. საქართველოს მთავრობა ავღანეთში მყოფი მოქალაქეების გამოსაყვანად სპეციალურ თვითმფრინავს გაგზავნის.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ მზად არის თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს გაუძღვეს.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები