ავღანეთი

უზბეკეთის თავდაცვის ძალებმა ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სამხედრო თვითმფრინავი A-29 Super Tucano კანდაჰარის ავიაბაზაზე, ავღანეთი
Reuters

უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ავღანეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც უზბეკეთის საზღვარი გადაკვეთა.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თვითმფრინავმა უზბეკეთის საჰაერო სივრცის უკანონოდ გადაკვეთა სცადა. უწყებას არ უთქვამს, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე და არიან თუ არა გადარჩენილები.

ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში, სურხონდარიოს პროვინციაში ექიმმა ბეკპულატ ოკბოიევიმა AFP-ს გამოცემას უთხრა, რომ მისმა საავადმყოფომ ავღანეთის არმიის უნიფორმაში ჩაცმული ორი პაციენტი მიიღო. ექიმის თქმით, ერთ-ერთს პარაშუტი ეკეთა და მოტეხილობები ჰქონდა.

15 აგვისტოს უზბეკური მხარის თქმით, მათ 84 ავღანელი სამხედრო დააკავეს, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს. თალიბანის მიერ ქაბულზე კონტროლის დამყარების შემდეგ ათასობით ადამიანი ავღანეთის დატოვებას ცდილობს.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ მზად არის თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს გაუძღვეს.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები