ავღანეთი

რუსეთი: ავღანეთში თალიბანის რეჟიმის აღიარებას არ ვიჩქარებთ

ზამირ კაბულოვ
RIA

რუსეთი ავღანეთში თალიბანის რეჟიმის მმართველობის აღიარებას არ იჩქარებს. ამის შესახებ ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა, ისაუბრა.

"აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ ვჩქარობთ, მოვიცდით და დავაკვირდებით, რეჟიმი როგორ მოიქცევა". – თქვა კაბულოვმა.

კაბულოვის თანახმად, აღიარება-არაღიარების საკითხი ახალ ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.

"ყურადღებით დავაკვირდებით, რამდენად პასუხისმგებლობით მართავენ ქვეყანას უახლოეს მომავალში. შედეგად, რუსეთის ხელისუფლება გამოიტანს საჭირო დასკვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას". – თქვა კაბულოვმა.

კაბულოვმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რუსეთსა და ავღანეთის მომავალ ხელმძღვანელობას შორის მეგობრული ურთიერთობები დამყარდება.

​​ზამირ კაბულოვის თქმით, ავღანეთში რუსეთის ელჩი დმიტრი ჟირნოვს კავშირი აქვს თალიბანის ლიდერებთან და სამშაბათს, 17 აგვისტოს იგეგმება ჟირნოვის შეხვედრა თალიბანის კოორდინატორთან შეხვედრა, რათა რუსეთის საელჩოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ელჩის თქმით, რუსეთის საელჩოს ქაბულში ამჟამად საფრთხე არ ემუქრება და დიპლომატები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. რუსეთი და ჩინეთი ავღანეთიდან საელჩოების ევაკუაციას არ აპირებენ.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ მზად არის თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს გაუძღვეს.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები