ავღანეთი

ჩინეთი ქაბულიდან საელჩოს ევაკუაციას არ აპირებს

თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი მულაჰ აბდულ ღანი ბარადარი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვანგ ის ივლისის ბოლოს შეხვდა
CHINESE MINISTRY OF FOREIGN AFFAIRS

ჩინეთი ავღანეთის დედაქალაქიდან საელჩოს ევაკუაციას არ აპირებს. ჩინეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დარჩნენ სახლებში და ყურადღება გამოიჩინონ. ჩინეთის თანახმად, მათ ავღანეთში სხვადასხვა ფრაქციებს სთხოვეს, მათი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

თალიბანის წარმომადგენლები ჩინეთი ივლისის ბოლოს ჩავიდნენ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდნენ. შეხვედრა ჩინეთის მხრიდან თალიბანის პოლიტიკურ აქტორად აღიარებად შეფასდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავღანეთთან მიმართებით მის შიდა საქმეში ჩაურევლობის პოლიტიკით იხელმძღვანელებს.

ავღანეთიდან საელჩოს გაყვანას არ აპირებს რუსეთიც.

"საელჩოს ევაკუაცია არ მზადდება. მაქვს კონტაქტი ჩვენს ელჩთან, ისინი წყნარად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას". – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა.

კაბულოვის თქმით, თალიბანმა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსაც მისცა უსაფრთხოების გარანტია.

აშშ-ს და სხვა ქვეყნების დიპლომატები მეორე დღეა ქაბულს აქტიურად ტოვებენ.

15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შევიდა და ქალაქზე კონტროლი დაამყარა. დაჯგუფებამ ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი დატოვა. მანამდე ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ. ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ მზად არის თალიბანისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს გაუძღვეს.

​ათასობით ავღანელი და უცხოელი მოქალაქე ცდილობს, ქაბული დატოვოს. დედაქალაქის აეროპორტი გადავსებულია. ქაბულის აეროპორტს აშშ-ს ძალები იცავენ, სანამ დედაქალაქს აშშ-ს წარმომადგენლობა, მათი მოკავშირეები და ის ავღანელები ტოვებენ, რომლებსაც დარჩენის შემთხვევაში დიდი საფრთხე ელით. 

ავღანეთის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, უცხოეთში გაჰყოლოდნენ ბოლო კომერციულ ავიარეისებს. კომერციული ავიარეისები შეჩერებულია და პრიორიტეტი აშშ-ს სამხედრო რეისებს ენიჭება, რომლებსაც ქვეყნიდან დიპლომატები გაჰყავთ.

ავღანეთში თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება.

კომენტარები