ავღანეთი

აშშ ქაბულის აეროპორტში დამატებით 1 000 სამხედროს გზავნის

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ ქაბულის აეროპორტში დამატებით 1 000 სამხედროს გზავნის მოსახლეობის ევაკუაციისთვის. აქამდე აშშ-მ 3 000 სამხედრო გააგზავნა.

ამ წუთებში ქაბულის აეროპორტში ასობით ადამიანი ცდილობს ავღანეთიდან გაქცევას. აეროპორტში ისმის იარაღის ხმაც.

გუშინ, 15 აგვისტოს თალიბანი ქაბულში შეიჭრა, რის შემდეგაც ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მიერ ქვეყნის დატოვა. თალიბები პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და მთავრობის დროშა ჩამოხსნეს.

რამდენიმე საათის წინ, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ. 


მას შემდეგ რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ავღანეთის დატოვება დაიწყეს, ქვეყანაში გამწვავდა დაძაბულობა თალიბანსა და ავღანეთის სამთავრობო ძალებს შორის. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადაზე გაცილებით ადრე სრულდება. 

კომენტარები