ღირსების მარში

მარში ღირსების გარეშე – GDI-ის ანგარიში 5 ივლისზე

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ 5 ივლისის მოვლენების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში მარში ღირსების გარეშე. ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, სათაურით ხაზგასმულია ის სამწუხარო რეალობა, რომ 5 ივლისი, ანუ დღე, როდესაც თანადგომისა და სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღირსების მარში უნდა გამართულიყო, საბოლოოდ იქცა დღედ, როდესაც ვიხილეთ სიძულვილი, ძალადობა და აგრესია, შესაბამისად - მოძალადეთა მარში, რომელიც დაცლილი იყო ღირსებისგან.

GDI-ს ინფორმაციით, ანგარიში წარმოაჩენს LGBTQI+ თემის მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით არსებულ პრობლემებს. ამ ჭრილში განხილულია სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და LGBTQI+ თემის მიმართ გატარებული პოლიტიკა.

"ანგარიში ასახავს 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჰომოფობიურ კონტექსტში განვითარებულ მოვლენებს და მათ წინმსწრებ პერიოდს. აღნიშნული მოვლენები ასევე შეფასებულია მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. კერძოდ, სამართლებრივად გაანალიზებულია 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმაზე სახელმწიფოს რეაგირება, თუმცა ანგარიში ძირითადად LGBTQI+ თემის უფლებების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას აფასებს". – ნათქვამია განცხადებაში.

მოვლენების შეფასების შედეგად GDI-მ გამოავლინა, რომ:

  • ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუციითა და ევროკონვენციით დაკისრებული (პოზიტიური) ვალდებულებები. კერძოდ, 5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ ან არ უზრუნველყო LGBTQI+ თემის მიერ „ღირსების მარშის“ გამართვა და თემის დაცვა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიისგან, მიუხედავად იმისა, რომ მარშის გამართვამდე აღნიშნული  ჯგუფები ღიად აცხადებდნენ მის ჩასაშლელად მაქსიმალური მობილიზაციისა და შესაძლო ძალადობის შესახებ და სწორედ ამ საფრთხისგან დაცვის გარანტიები „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა  ხელისუფლებისგან წინასწარ მოითხოვეს. შესაბამისად, სახელმწიფომ დაარღვია LGBTQI+ თემის შეკრების თავისუფლება და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვის ვალდებულება.
  • გარდა ამისა, ხელისუფლებამ ვერ ან არ დაიცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ დაარღვია ღირსების შემლახავი მოპყრობისგან მედიის წარმომდგენლების დაცვის ვალდებულება და, ასევე, არ ან ვერ უზრუნველყო მათ მიერ ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება, რითაც დაარღვია გამოხატვის თავისუფლებაც.
  • რაც მთავარია, კონსტიტუციისა და ევროკონვენციის საწინააღმდეგოდ ხელისუფლებამ არა მხოლოდ არ დაიცვა სათანადოდ LGBTQI+ თემის წევრები და მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები, არამედ თავად წაახალისა მათზე ძალადობა ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ მიმართული ჰომოფობიური და არადემოკრატიული განცხადებებით. ეს წამახალისებელი ეფექტი დღემდე გრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ  ხელისუფლებას ჯერ არ დაუკავებია ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფების არცერთი ორგანიზატორი. აღნიშნული კი ქმნის მომავალში ძალადობის ხელახლა განხორციელების სერიოზულ საფრთხეს.

GDI სამართლებრივ დახმარებას უწევდა თბილისი პრაიდს და უშუალოდ იყო ჩართული მიმდინარე მოვლენებსა და დისკუსიებში. შესაბამისად, ანგარიშში მოხმობილი ინფორმაცია დაფუძნებულია როგორც მედიაში გავრცელებულ მასალაზე, ასევე GDI-ს წარმომადგენლების პირად და პრაიდის ორგანიზატორთა გამოცდილებაზე.


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები.  სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყაTV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. 

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა".  პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები