COVID-19

მაკრონი: ანტივაქსერები ჭკუიდან შეიშალნენ, ისინი დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან 

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციები გააკრიტიკა და ანტივაქსერ დემონსტრანტებს "ჭკუიდან შეშლილები" უწოდა

"მე მათ რადიკალურ ძალადობას არ დავემორჩილები. ისინი ყველაფერს ურევენ, მათი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ათეულობით ათასი ადამიანი ჭკუიდან შეიშალა". – თქვა მაკრონმა ანტივაქსერების შესახებ. 

პრეზიდენტის კომენტარები საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც სამ კვირაზე მეტია მიმდინარეობს.

ანტივაქსერი დემონსტრანტები მთავრობის ვაქცინაციის კამპანიას და COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი პასპორტის შემოღების გეგმას აპროტესტებენ.

დემონსტრანტების აზრით, ვაქცინაციის თითქმის სავალდებულოდ ქცევით საფრანგეთის მთავრობა მათ ავიწროებს, რადგან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მათ რესტორნებით, ბარებით, გასართობი ცენტრებით, მუზეუმებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა აღარ შეეძლებათ. 

Bloomberg-ის ცნობით, ანტივაქსერი დემონსტრანტები აგრესიულობით გამოირჩევიან და თავს ესხმიან როგორც ვაქცინაციის ცენტრებს, ასევე ჟურნალისტებს. 

Les Echos-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% მხარს უჭერს სავალდებულო ვაქცინაციას, საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის 70% კი უკვე აცრილია ვაქცინის ერთი დოზით მაინც. 
 

კომენტარები