შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

ჩერგოლეიშვილი მუზეუმზე: თუ გინდათ საზოგადოება გაანადგუროთ, მას უნდა წაუშალოთ ისტორია

ტაბულა

"თუ გინდათ, რომ საზოგადოება გაანადგუროთ, მას უნდა წაუშალოთ ისტორია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ანადგურებს საქართველოს ისტორიას და წარმოაჩენს მას ისეთად, როგორიც საბჭოთა კავშირს უნდოდა. ვასაძეს, კორკოტას, ორკებს წარმოაჩენენ ქართული ისტორიის და ტრადიციების დამცველებად და ამ დროს ანადგურებს იმას, რაც ჩვენს ისტორიას ეკუთვნის". – თქვა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორმა და ტაბულას დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან გამართულ აქციაზე.

"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. დღეს, როგორც ვიცით, წულუკიანი რაღაც გეგმას აცხადებს. გეგმა, რომელიც უკვე არსებობდა, ჩააგდო, ხალხი გაყარა სამსახურებიდან და ამას გარდა, ეს შენობა არარენტაბელურად გამოაცხადა. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომ ჩვენ მათ არ მივცემთ ისტორიის განადგურების შესაძლებლობას და, ამასთან, გვინდა შევახსენოთ, რომ აქ დაცული საგანძურის შესანარჩუნებლად ეროვნული გმირები იბრძოდნენ და ასეთი ეროვნული გმირია ექვთიმე თაყაიშვილი. 

იმედი გვაქვს, რომ შეეშინდებათ განადგურება ამის. გვინდა შევახსენოთ იმიტომ, რომ ისინი უვიცი, უწიგნური ხალხია და შეიძლება, არ იცოდნენ რამდენი იზრუნა ადამიანმა მის შესანარჩუნებლად". – თქვა ჩერგოლეიშვილმა. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა.

2021 წლის 4 ივლისს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ამცნო, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი შენობის ავარიულობა და განთავსებული ექსპონატების დაუცველობაა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მისი ჩამოყალიბებისთანავე, 2021 წლის აპრილში, დაიწყო ზრუნვა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესწავლასა და, საბოლოოდ, იმ მუზეუმის აღდგენაზე, რომელშიც საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა 80%-ზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრომ ზრუნვა შენობის ავარიულობის შეფასებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ გასცემს შენობის დემონტაჟის რეკომენდაციას და საერთოდაც, არ საუბრობს ამ ზომის აუცილებლობაზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ რიგი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ამ განცხადების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა კულტურის, სპორტისა და განათლების სამინისტრო არაფერს ამბობს პოტენციური რესტავრაციის შესახებ და იწყებს მუზეუმის დაცარიელებას. 30 ივლისს საევაკუაციო სამუშაოებს ჩამოაშორეს ხელოვნების მუზეუმის მმართველის, ეკა კიკნაძის გუნდი, თვითონ კიკნაძე კი მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე ჩამოაქვეითეს.

კომენტარები