ავღანეთი

თალიბანმა ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო

აფეთქების შედეგად დაზიანებული მანქანა, ქაბული, 2021 წლის 4 აგვისტო
Reuters

თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე დაჯგუფების პასუხისმგებლობა აიღო.

ზაბიჰულაჰ მუჰამედის თქმით, თალიბანის სამიზნე ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, რომელიც თავდასხმას გადაურჩა. აფეთქების დროს რეზიდენციაში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობდა.

აფეთქება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და გამაგრებულ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, მინიმუმ, 8 და დაშავდა 20-მდე ადამიანი. თავდამსხმელებმა მანქანაში არსებული ბომბი ააფეთქეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები