ავღანეთი

ღანი: ავღანეთის მდგომარეობის მიზეზი საერთაშორისო ძალების გასვლის უეცარი გადაწყვეტილებაა

აშრაფ ღანი
Reuters

ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ქვეყანაში გართულებულ მდგომარეობას და თალიბანთან დაპირისპირების გამწვავებას ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანას უკავშირებს. ღანის თქმით, ავღანეთის ხელისუფლებას აქვს გეგმა, რომლის მიხედვით ქვეყანაში მდგომარეობა კონტროლქვეშ მომავალ 6 თვეში უნდა დააბრუნონ.

"ამჟამინდელი მდგომარეობის მიზეზი საერთაშორისო სამხედრო ძალების ქვეყნიდან გასვლის უეცარი გადაწყვეტილებაა". – თქვა ავღანეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს ხელისუფლება მხარს უჭერს ქვეყანაში სტაბილურობის დაბრუნების გეგმას.

ბოლო პერიოდში თალიბანის ძალები ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ. აშრაფ ღანი აღნიშნავს, რომ თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მანამ სანამ ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობა არ დასტაბილურდება.

სამშვიდობო მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის გასულ წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყო, თუმცა შეხვედრებს რეალური შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. ღანი ამბობს, რომ თალიბანს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი არ გაუწყვეტია და ქალებსა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ თავდასხმები გაახშირა. თალიბანი პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან ბევრად უფრო ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები