შარლ მიშელის შეთანხმება

ბოკერია: ვინც მხოლოდ ივანიშვილს არ აკისრებს პასუხისმგებლობას, თავის ლუსტრაციას ახდენს

"ამ ვითარებაში ყველა, ვინც მკაფიო პასუხისმგებლობას არ აკისრებს ივანიშვილის რეჟიმს და მხოლოდ მას, ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას, რომ მისთვის თუნდაც დღევანდელი სტატუს-ქვო უფრო მნიშვნელოვანია, ოღონდ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი შეინარჩუნოს. სხვა დასკვნა არ არსებობს ". – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში. 

მისი თქმით, სალომე სამადაშვილმა "მოახერხა და ამ ვითარებაში ოპოზიციას დააბრალა, ვინც ხელი არ მოაწერეთ, თქვენი ბრალიაო". ბოკერიამ პარტია საქართველოსთვის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და ენმ-ს დააკისრა. 

"როცა, ცალსახად ივანიშვილის რეჟიმმა დაარღვია, ამ დროს რომ ხელს კიდევ ოპოზიციისკენ იშვერ, ვისაც შენგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ანუ თვითმიზანი გაქვს, რომ ეს სტატუს-ქვო შენარჩუნდეს და იტივტივო ამ ჭაობში, რომელშიც ქვეყანა იძირება. მე მაინტერესებს ეს ლელოს პოზიცია არის თუ არა, ემიჯნებიან თუ არა ამ სამარცხვინო განცხადებას, გახარიას გუნდისნაირ განცხადებას სამადაშვილის". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის იმ შეთანხმებას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დღეს, 28 ივლისს ოფიციალურად ანულირებულად გამოაცხადა. 

"ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი". – წერს სამადაშვილი Facebook-ზე. 

სალომე სამადაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

 

კომენტარები