საქართველო

ბელარუსის ავიაკომპანია Belavia ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ბელავია

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 4 აგვისტოდან ბელარუსის ავიაკომპანია Belavia მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები მიმდინარე წლის 27 ოქტომბრამდე იქნება, კვირაში ორჯერ – ყოველ ოთხშაბათს და კვირას. 

ევროკავშირმა ბელარუსის კომპანიებს, მათ შორის Belavia-ს საკუთარ ავიასივრცეში ფრენა და აეროპორტების გამოყენება აუკრძალა. ეს იმ სანქციების ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა ბელარუსს დაუწესა აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაკავების გამო.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პოტასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ევროკავშირის შეფასებით ჟურნალისტის დაკავება ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობაა. გაერთიანება პრატასევიჩის გათავისუფლებას მოითხოვს. ევროკავშირი ინციდენტს და მასზე საპასუხო მოქმედებებს ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა დაგმო "ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედური და შემაშფოთებელ ქმედება". ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, "სახიფათო ინციდენტის" გამოძიებაა საჭირო.

შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოც. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანახმად,  ჟურნალისტის დაკავება მიუღებელია, მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის მოვლენებს დაკავებული აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის სახელის ხსენების გარეშე გამოეხმაურა.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები