მე-10 მოწვევის პარლამენტი

კობახიძე: ძალიან კარგია, რომ ტრიბუნასთან მიჭრა აღიკვეთა, ჩემი მხარდაჭერა პაპუაშვილს

"ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური და მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო". – ასე აფასებს  ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალით გაყვანას. 

"თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან ასვლას, რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო, რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა, მორიგი მცდელობის დროს, დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა". – ამბობს კობახიძე. 

18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს და წერს – "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს

18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები