მალი

მალის დროებით პრეზიდენტს დანით შეიარაღებული პირები დაესხნენ

ასიმი გოიტა
 Reuters

მალის დროებით პრეზიდენტს, ასიმი გოიტას ორი პირი დაესხა თავს, ერთ-ერთი დანით იყო შეიარაღებული. თავდასხმა დედაქალაქ ბამაკოში, მეჩეთში ყურბან-ბაირამის ლოცვის დროს მოხდა.

ინფორმაციას AFP-ის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც ინციდენტს შეესწრო. ჟურნალისტის თანახმად, დროებით პრეზიდენტი ადგილიდან გაიყვანეს და ნათელი არ იყო, დაჭრილია თუ არა გოიტა.

რელიგიურ საქმეთა მინისტრმა, მამადო კონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდამსხმელმა პრეზიდენტის მოკვლა სცადა, თუმცა ის დააკავეს. 

მალიში ექსტრემისტული ჯიჰადისტური მოძრაობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 2012 წელს დაიწყო. დაპირისპირებების შედეგად ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. კონფლიქტების პარალელურად, ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა. 

პოლკოვნიკი ასიმი გოიტა 2020 წელის აგვისტოში სახელმწიფო გადატრიალებას ლიდერობდა. გადატრიალების შემდეგ, გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა. მას მხარი დაუჭირა ქვეყნის ოპოზიციამ. გოიტამ თქვა, რომ ხალხის ხსნის ეროვნული კომიტეტის ლიდერია და ძალაუფლება მათ გადაიბარეს.

სამხედროებმა მალის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაუბაკარ კეიტა დააკავეს, რის შემდეგაც ის თანამდებობიდან გადადგა. 2021 წლის მაისში გოიტამ გარდამავალი მთავრობა გადააყენა, რომლის მიზანიც 2022 წლისთვის ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლების დაბრუნება იყო. გოიტამ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და პირობა დადო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ხელისუფლებას დააბრუნებდა.

კომენტარები