მალის თავდაცვის მინისტრი, სადიო კამარა ალ-კაიდას ადილობრივი განშტოების ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის თავდასხმას ემსხვერპლა. საფრანგეთის რადიო RFI-ის ცნობით, კამარა დედაქალაქ ბამაკოს მახლობლად მდებარე რეზიდენციაში იმყოფებოდა. რეზიდენცია მთავარი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
ეს თავდასხმა ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინისა (JNIM) და ტუარეგი სეპარატისტების აზავადის გათავისუფლების ფრონტის კოორდინირებული იერიშების ნაწილი იყო.
მალის ამჟამნიდელი მთავრობა, რომელსაც ასიმი გოიტა უძღვება, ხელისუფლებაში 2020 და 2021 წლის სამხედრო გადატრიალებების შედეგად მოვიდა. ქვეყნის ხუნტამ კავშირი გაამყარა რუსეთთან, დასავლურ ქვეყნებთან კოოპერაცია კი შეწყვიტა. ამ სტრატეგიის მხარდამჭერებსა და წამხალისებლებს შორის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა თავდაცვის მინისტრი კამარა იყო.
25 აპრილს მეამბოხე ტუარეგებისა და ისლამისტების ალიანსმა მალის რამდენიმე დიდი ქალაქის მიმართულებით მასშტაბური კოორდინირებული თავდასხმები დაიწყო. მათი სამიზნე იყო ქვეყნის დედაქალაქი ბამაკოც. ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ თავდასხმები მოიგერიეს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ აკონტროლებს ქალაქ კიდალს, რომელიც წარსულში აზავადის გათავისუფლების ფრონტის საყრდენი იყო და გასული დღის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენდა.
გავრცელდა ცნობები, რომ მეამბოხეებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რასაც ეკიპაჟის ყველა წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა ცნობებით, მათ შორის რუს სამხედროებთან დაკავშირებული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, მიმდინარეობს ტუარეგებთან მოლაპარაკებები.
მალის ხუნტას ისლამისტებსა და აზავადის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ძალაუფლების შენარჩუნებაში ევგენი პრიგოჟინის კსკ ვაგნერი ეხმარებოდა. რუსეთში პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვაგნერის ჯგუფი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა ქვედანაყოფმა აფრიკულმა კორპუსმა ჩაანაცვლა.





