შარლ მიშელის ვიზიტი

ღარიბაშვილი დანიელსონზე: მონაწილეობა პროცესის კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, დანიელსონის მონაწილეობა პროცესის კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან და სრულად იზიარებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს. 

"16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ბატონ შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას, მის ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ. რაც შეეხება პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ბატონ კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში, ჩვენ მივესალმებით მის ჩამოსვლას და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.

ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ მზად, რომ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს და რჩევას, რომ, რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ ყველამ - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ - გამოვნახოთ, ასე ვთქვათ, საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას. იმისთვის, რომ ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა, ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას". – თქვა ღარიბაშვილმა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში კრისტიან დანიელსონს პირად წარმომადგენლად გზავნის.

კომენტარები