მე-10 მოწვევის პარლამენტი

დეკანოიძე ოცნებაზე: მზად არიან, არასასურველი ფიზიკური სიახლოვე შევიწროებად გამოიყენონ

"ზოგადად, ქალ დეპუტატებზე შეხება ჩვეულებრივი ქცევა ჰგონიათ ოცნების წევრებს. თუ რამე არ მოსწონთ, პროტესტის დროს მზად არიან, არასასურველი ფიზიკური სიახლოვე შევიწროების ფორმად გამოიყენონ". – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ ენმ-ს წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალით გაყვანას.

"პარლამენტის წევრ ქალებზე ძალადობა, რაც იკადრეს დღეს ოცნების წევრებმა დასაგმობია საზოგადოების ყველა წევრის მიერ. თინას, ნონას, ანის ფიზიკურად შეეხნენ და იძალადეს.

ეს უნდა იყოს სირცხვილი და ნორმალურ ქვეყანაში, არათუ ლექციაზე და სხდომაზე, გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ მოძალადეები.

სიტყვები არ მყოფნის, რასაც განვიცდი". – წერს დეკანოიძე. 

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს და წერს – "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები