მე-10 მოწვევის პარლამენტი

ამილახვარი: ვის, ვის და შალვა პაპუაშვილს რომ დააბრალებ რაიმე ფორმით ძალადობას

"ვის, ვის და შალვა პაპუაშვილს რომ დააბრალებ რაიმე ფორმით ძალადობას, იქ იწყება უკიდურესი დესტრუქცია და ძალადობა!!!" – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ამილახვარი პარლამენტში დეპუტატ შალვა პაპუაშვილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალით გაყვანას. 

"ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში შემოსვლის დღიდან ემსახურება არა ძალადობას, არამედ სიმართლეს და კონსტრუქციულ მიდგომებს პოლიტიკაში. რაც მთავარია, ამკვიდრებს ამას!

და ეს ყველაფერი იმ ძალისგან, რომელიც ასოცირდება სიცრუის ტირაჟირებასთან და მრავალ ძალადობასთან!" – წერს ამილახვარი.

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს და წერს – "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები