მე-10 მოწვევის პარლამენტი

ზურაბიშვილი: პარლამენტში მომხდარი დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ზოგადად მიუღებელია

სალომე ზურაბიშვილი
იმედი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. პრეზიდენტი დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნისთვის დამაზიანებელსა და მიუღებელს უწოდებს.

"ხვალ საქართველოსთვის, მისი ევროპული გზისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა!

ბათუმს ევროპული საბჭოს და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ეწვევიან!

ამ მნიშვნელოვანი დღის წინ კი საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ზოგადად მიუღებელია!

ნებისმიერ შემთხვევაში, გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში, რომელიც ადგენს ადამიანის უფლებების დაცვის საკანონმდებლო საფუძველს და რომელიც უნდა იყოს მაგალითის მიმცემი საზოგადოებისთვის!" – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები