ავღანეთი

Reuters-ის ჟურნალისტი ავღანეთის არმიისა და თალიბანის შეტაკების გაშუქებისას დაიღუპა

Reuters-ის ფოტორეპორტიორი, დანიშ სიდიკი 

პარასკევს, 16 ივლისს გამოცემა Reuters-ის ჟურნალისტი, დანიშ სიდიკი ავღანეთის ეროვნული არმიისა და თალიბანის შეტაკებების გაშუქების დროს გარდაიცვალა

შეტაკება ავღანეთისა და პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. ავღანეთის სამთავრობო ძალებმა იერიში მიიტანეს სასაზღვრო პუნქტ სპინ-ბოლდაკზე, რომელიც თალიბანმა გასულ კვირებში დაიკავა. 

ავღანელი ჯარისკაცები ბოლდაკის ცენტრში დასახლების მთავარი ბაზრის ტერიტორიის დაკავებას ცდილობდნენ. თალიბანის წევრები საპასუხო ცეცხლს ხსნიდნენ. ამ დროს, ფოტორეპორტიორი დანიშ სიდიკი ორმხრივ ცეცხლში მოჰყვა. მასთან ერთად გარდაიცვალა მაღალი რანგის ავღანელი გენერალიც. ერთ-ერთი ავღანელი გენერლის თქმით, სიდიკი ვაჭრებს ესაუბრებოდა, როდესაც თალიბანმა იერიში დაიწყო.

სიდიკი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყანდაარში იმყოფებოდა. ის აშუქებდა ავღანეთის ეროვნული არმიისა და თალიბანის შეტაკებებს. 

"ჩვენ სასწრაფოდ ვეძებთ დამატებით ინფორმაციას და [ავღანეთის] მთავრობასთან ვმუშაობთ". – თქვა Reuters-ის დირექტორმა. 

გამოცემის მთავარმა რედაქტორმა და დირექტორმა სიდიკის ოჯახს მიუსამძიმრეს. 

სიდიკი Reuters-ის ფოტოგრაფი 2010 წლიდან იყო. მას გაშუქებული აქვს ავღანეთისა და ერაყის ომები, როჰინჯათა ეთნიკური ჯგუფის კრიზისი მიანმარში, ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციები და ნეპალის მიწისძვრები.


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები