ევროპული საქართველო

ბოკერია გახელაძის გაცვლაზე: ეს შეიძლება შემდგომში მოტაცებების წახალისება გახდეს

დიმა ჩიკვაიძე

"იმ ადამიანის ბედითაც თამაშობდნენ, რადგან ეს აქამდეც შეეძლოთ" – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ ვადიმ გობოზოვში გაცვლას. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ასეთი გაცვლა, შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთგვარი წახალისება იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მომავალში სწორედ მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულებში გაცვლის მიზნით გაიტაცონ საქართველოს მოქალაქეები.

"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ჯერჯერობით ჩვენ რაც ვნახეთ, იყო რუსულ მედიასივრცეში ინტერვიუ, რომელიც დამაჯერებლად გამოიყურება. საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელობაში მსჯავრდებულ ადამიანში გაცვალეს გახელაძე. რა თქმა უნდა, აქ კითხვა იბადება, თუ ეს შესაძლებელი იყო, აქამდე რატომ არ გააკეთეს? 

თავისთავად, პრობლემა ისაა, რომ, თუ ეს ეფექტურ იარაღად იქცევა, ხალხის მოტაცება მძიმე ინციდენტებთან დაკავშირებით საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების გამოშვების შესაძლებლობა გახდება. ეს შეიძლება წახალისება იყოს შემდგომშიც მოტაცების". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე, რომელმაც ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში 1 წელზე მეტი გაატარა, გაიცვალა მკვლელობაში ბრალდებულ, 39 წლის ვადიმ გობოზოვში, რომელიც ცხინვალის მცხოვრებია. 

 ოკუპირებული ცხინვალის მედიის ГТРК-ს ცნობით, გაცვლის შეთანხმება თბილისსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის 12 ივლისს რუსეთის პატრიარქ კირილის ჩარევით შედგა. 

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ "არავითარ გაცვლას ადგილი არ ჰქონია", დამატებით კითხვაზე კი, იმყოფება თუ არა ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ გობოზოვი, უწყებაში არ გვპასუხობენ. ГТРК-ს ვიდეოში კი ცალსახად ჩანს, რომ გობოზოვი გათავისუფლებულია. 

გაცვლას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვიც ადასტურებს და ამბობს, რომ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მათ პირდაპირი კავშირი არ აქვთ, შეთანხმება შუამავლების საშუალებით მოხდა. 

ცხინვალის საპატიმროში გატარებული 1 წლის შემდეგ ზაზა გახელაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნის ფონზე გათავისუფლდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებულ გახელაძეს საოკუპაციო ხაზთან თავად პრემიერი დახვდა. 

კომენტარები