სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების გამო დაწყებულ აქციებზე 45 ადამიანი დაიღუპა

DW

სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაკავების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა, დაკავებულია 800-მდე ადამიანი. პროტესტი გასულ ხუთშაბათს დაიწყო და ძალადობაში შაბათ-კვირას გადაიზარდა.

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში პოლიციის დასახმარებლად მთავრობამ სამხედროები მიავლინა.

პრეზიდენტ სირილ რამაფოსას შეფასებით, ეს 1990-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში ძალადობის ყველაზე საშინელი შემთხვევებია. 

პოლიციის ხელმძღვანელმა, ბჰეკი სელემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ფართომასშტაბიანი ძარცვა გაგრძელდება, ზოგიერთ რეგიონში საკვების დეფიციტის შექმნის. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ არის.

BBC-ის ინფორმაციით, სამხედროების დახმარების მიუხედავად, სამართალდამცველებს არეულობასთან გამკლავება უჭირთ.

საპროტესტო აქციები ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებამ გამოიწვია. პროტესტი მის მშობლიურ რეგიონში დაიწყო. ზუმა პოლიციას თავად ჩაბარდა. ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა, რისთვისაც მას 15-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჯეიკობ ზუმას იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პატიმრობის ვადას შეამცირებს, თუმცა სამართლის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა.

ჯეიკობ ზუმას 15-თვიანი პატიმრობა 29 ივნისს მიუსაჯეს, ის სასამართლო მოსმენაზე იყო დაბარებული, რომელზეც მისი ძალაუფლებაში ყოფნის დროს კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა. ზუმა მოსმენაზე არ გამოცხადდა.

გამოძიების თანახმად, ზუმას პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა ბიზნესმენებს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე გავლენა ჰქონდათ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ჯეიკობ ზუმას თანამდებობიდან გადადგომა მოუწია და მას უნდობლობა საკუთარმა პარტიამ აფრიკის ეროვნულმა კონგრესმაც გამოუცხადა, ყოფილ პრეზიდენტს აქტიური მხარდამჭერები ჰყავს, განსაკუთრებით მის მშობლიურ პროვინციაში.

კომენტარები