სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკას პუტინის დაკავების თავიდან ასაცილებლად მოსკოვთან მოლაპარაკება აქვს – მედია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და მისი სამხრეთ აფრიკელი კოლეგა, კირილ რამაფოსა
Sergei Chirikov/Reuters

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობასა და მოსკოვს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციის Sunday Times-ი ავრცელებს

17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. სამხრეთ აფრიკას, რომელიც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, ვალდებულება აქვს, პუტინის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში,  დააკავოს. 

აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას 5 ქვეყანა – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა – იღებს.

სამხრეთ აფრიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერასა და უკრაინაში მისი აგრესიის დაგმობაზე უარს აცხადებს. 

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით განხილვები პარასკევს, 21 აპრილს დაიწყო, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგვისტოში შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, მისი დაკავება არ მოუწიოს. 

აქამდე, სამხრეთ აფრიკამ საერთაშორისო დონეზე კრიტიკა 2015 წელს დაიმსახურა, როდესაც ქვეყანაში ჩასული სუდანის მაშინდელი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, მიუხედავად ჰააგის სასამართლოს მიერ მასზე გაცემული დაკავების ორდერისა, არ დააპატიმრა.

კომენტარები