პრაიდის კვირეული

ევროკომისია: უმცირესობათა უფლებები, თავისუფლება სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს გარანტირებული

ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, პრაიდის კვირეულის დროს მომხდარ ძალადობასთან და TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკომისიის სპიკერს, პიტერ სტანოს კითხვა დაუსვეს. სტანოს თქმით, პრაიდის კვირეულის დროს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებები ნათელი იყო და ადამიანის უფლებები გარანტირებული უნდა იყოს.

"რაც შეეხება ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რომლებიც თბილისში მოხდა ღირსების მარშთან დაკავშირებით, ჩვენი განცხადებები უკვე იყო ძალიან ნათელი: უმცირესობის უფლებები და თავისუფლებები უნდა იყოს გარანტირებული და მათ პატივი უნდა სცენ. ამ დაცვის უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს როლი.

ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასებისას. ასოცირების შეთანხმებით, საქართველო არის ძალიან ახლოს დაკავშირებული ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს რეგულარული განხილვა და დიალოგი ამ საკითხებზე. ევროკავშირი ყველა ამ საკითხის განიხილავს. საქართველომ თავად განაცხადა და გადაწყვიტა გაეტარებინა ევროპული ღირებულებები. ეს არის საერთო საფუძველი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მიუხედავად იმისა, ეკუთვნიან თუ არა ისინი ეთნიკურ, ენობრივ, ეროვნულ, გენდერულ თუ სექსუალურ უმცირესობას, ამ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უნდა იყოს გარანტირებული და დაცული." – თქვა პიტერ სტანომ.

ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით, ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მისი გარდაცვალების გარემოებების გამოძიება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი იყოს.

"ძალიან სამწუხაროა, რაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ვიხილეთ საქართველოში, განსაკუთრებით ოპერატორის სიკვდილი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ნათლად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული. როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, [გამოძიება] გამჭვირვალე იყოს და გაირკვეს რა მოხდა." – თქვა ევროკომისიის სპიკერმა.


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. 11 ივლსს ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვეს.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები