ავღანეთი

CNN-ი თალიბების მიერ 22 ავღანელი კომანდოს დახვრეტის კადრებს ავრცელებს [გრაფიკული ვიდეო]

CNN-მა გაავრცელა კადრები, რომელშიც თალიბანის წევრები, გასულ თვეში, დავლათ აბადში დანებებულ 22 ავღანელ კომანდოს ხვრეტენ. 

ვიდეოში თალიბები ყვირიან "დანებდით კომანდოებო", რის შემდეგაც ელიტური სამხედროები, რომელთაც ბრძოლის შემდეგ ტყვია-წამალი გამოელიათ და მოწინააღმდეგეებს დანებდნენ, ხელებაწეულები და შეუიარაღებლები გამოდიან. დანებებულ სამხედროებს თალიბები შეძახილების ფონზე ცეცხლ უხსნიან და ხოცავენ.

კადრებში ისმის პუშტუზე მოლაპარაკე მომსწრე კაცის ხმა: "არ ესროლოთ, არ ესროლოთ, გემუდარებით, არ ესროლოთ". კადრების დასასრულში იგივე პიროვნება ამბობს: "როგორ ხოცავთ პუშტუნები ავღანელებს?". პუშტუნები ავღანეთში მთავარი ეთნიკური ჯგუფია. 

კადრების დასასრულს ისმის თალიბების სიტყვები: "ააცალეთ ყველაფერი".

თალიბანის მსხვერპლები ავღანეთის სპეციალური ძალების წევრები იყვნენ. შემთხვევა 15 ივნისს, ქალაქ დავლათ აბადში, ფარიაბის პროვინციაში მოხდა

წითელმა ჯვარმა დაამტკიცა 22 ცხედრის შემთხვევის ადგილიდან გამოტანა. 

მომსწრეების CNN-თან თქმით, თალიბანის ზოგიერთი წევრი არ საუბრობდა რეგიონის რომელიმე ენაზე და უცხოურად ლაპარაკობდნენ. 

თალიბანის თქმით, ეს კადრები რეალური არაა და ავღანეთის მთავრობის ფაბრიკაციაა, რათა მოსახლეობა მათ არ დანებდეს. თალიბანის თქმით, მათ მძევლად ჰყავთ 24 კომანდო, რაც არ მტკიცდება. 

თალიბანის სიტყვებს, თავის მხრივ, უარყოფს ავღანეთის მთავრობა. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები