ლიტვა-ბელარუსი

ლიტვა ბელარუსის საზღვარზე კედლის ასაშენებლად 43 მილიონ ევროს დახარჯავს

ლიტველი მესაზღვრეები
rferl

ლიტვა გეგმავს, ბელარუსთან საზღვრის გამაგრებისთვის 42 მილიონი ევრო გამოყოს. ამის შესახებ, Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში, გერმანიაში ლიტვის ელჩმა, რამუნას მისიულისმა ისაუბრა.

ელჩის თქმით, ეს თანხა დაიხარჯება საზღვარზე კედლის ასაშენებლად და დაკვირვების სისტემის გაუმჯობესებისთვის.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბელარუსიდან არალეგალური მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლას ლიტვა ევროკავშირის წინააღმდეგ "ჰიბრიდულ აგრესიად" მიიჩნევს. ვინაიდან, ელჩის თანახმად, მიგრანტების უმეტესობა არ რჩება ლიტვაში და გერმანიაში, შვედეთში გადასვლა სურთ.

არალეგალური მიგრანტების მიმოსვლის გააქტიურების ფონზე, ლიტვა-ბელარუსის საზღვარზე ახალი ბარიერის მშენებლობის შესახებ ცნობილი 9 ივლისს გახდა. კედელი დაახლოებით 30 კილომეტრის სიგრძის იქნება,

ევროკავშირმა კედლის დაფინანსებაზე უარი თქვა, თუმცა მზადაა, ლიტვას "საზღვრების მართვისთვის ფინანსური დახმარება" გამოუყოს.

2021 წლის დასაწყისიდან ლიტვაში, ბელარუსის გავლით, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, 1 400-ზე მეტი არალეგალური მიგრანტი შევიდა. 2020 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 100-ზე ნაკლები იყო.

მაისში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროპაში მიგრანტების ტრანზიტს ხელს არ შეუშლიდა. სანქციებზე საპასუხოდ, ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობას წყვეტს და აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმებას ტოვებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც ბელარუსი ევროკავშირთან აღარ ითანამშრომლებს, სწორედ არალეგალური ემიგრაციასთან ბრძოლის საკითხია.

კომენტარები