ბელარუსი

სანქციებზე საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობას წყვეტს

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

სანქციების საპასუხოდ ბელარუსი ევროკავშირთან თანამშრომლობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობას წყვეტს. 28 ივნისს ბელარუსმა მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელს ბრუსელში კონსულტაციებისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა წყვეტს ევროკავშირთან თანამშრომლობას არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის საკითხებში.

პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრუსელიდან კონსულტაციებისთვის გამოიხმო თავისი წარმომადგენელი. ბელარუსმა ასევე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სანქციების დაწესებაზე პასუხისმგებელ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს.  საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ბელარუსი გაერთიანების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მიღებაზე მუშაობს.

"იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები აცნობიერებ ბელარუსთან ურთიერთობაში ძალისმიერი მიდგომის გამოყენების ზიანსა და ამაოებას". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპული კომისიის თქმით, ბელარუსის ქმედება თვითიზოლაციისკენ უკან გადადგმული ნაბიჯია. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობიდან გასვლა უარყოფითად აისახება ბელარუსელ ხალხზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეწყვეტა კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ბელარუსისთვის. ეს გამოიწვევს დაძაბულობის გამწვავებას და უარყოფითი გავლენა ექნება ბელარუსელ ხალხზე, რომელსაც შეუწყვეტენ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენი თანამშრომლობა სთავაზობს." – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე


გასულ კვირას ევროკავშირმა აშშ-სთან და კანადასთან ერთად ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა. ისინი ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სანქიციები დაკავშირებულია ბელარუსი ჟურნალისტის და აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავებასთან.

ევროკავშირმა ბელარუსის 78 ოფიციალურ პირსა და კომპანიას სანქციები მოგზაურობაზე შეზღუდვითა და ანგარიშების გაყინვით დაუწესა. სანქციები შეეხო ბელარუსის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე საჰაერო ძალების მეთაურს. 

ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი 23 მაისს მინსკში დააკავეს. მის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული. პრატასევიჩი და საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.


რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები