ლიტვა-ბელარუსი

აშშ-ს წარმომადგენელი: ბელარუსმა პირობა დადო, რომ ლიტვაში საჰაერო ბუშტების შეჭრას შეაჩერებს

REUTERS/Ints Kalnins

გამოცემა Reuters-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მისი ქვეყნიდან ლიტვის საჰაერო სივრცეში საჰაერო ბუშტების შეჭრის შეჩერების პირობა დადო.

"ცოტა ხნის წინ ის [რედ. - ლუკაშენკო] დათანხმდა, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია, რათა საჰაერო ბუშტები შეაჩეროს". - თქვა კოულმა გამოცემასთან საუბრისას. 

როგორც კოულმა გამოცემას უთხრა, ფიქრობს, რომ ლუკაშენკო გულწრფელად ცდილობს, სიტუაცია განმუხტოს და "მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა სურს". მისივე თქმით, "ამას დრო დასჭირდება", თუმცა პრობლემის "მოგვარება შესაძლებელია" 

"ვფიქრობ, ბელარუსის პრეზიდენტი გულწრფელად ცდილობს, რომ ის [სიტუაცია] განმუხტოს. ვფიქრობ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, ჩემი აზრით, მოგვარება შესაძლებელია. მას მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა სურს, ასე მარწმუნებს". - თქვა კოულმა. 

კოულმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსთან ერთად პრობლემის მოსაგვარებლად ლიტვაც მუშაობს და ლიტვამ "ყველაფერი გააკეთა", რათა კონტრაბანდული სიგარეტის მყიდველები შეეჩერებინა. 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბელარუსიდან ლიტვის საჰაერო სივრცეში საჰაერო ბუშტები იჭრება, რომლებსაც კონტრაბანდული სიგარეტი გადააქვს. 9 დეკემბერს  ლიტვის მთავრობამ ბელარუსიდან საჰაერო სივრცეში ხელმეორედ გადმოფრენილი ბუშტების გამო ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვილნიუსის თქმით, ეს ბუშტები ხშირად კონტრაბანდას ატარებს და საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნულ უსაფრთხოებას, ისე ადამიანების სიცოცხლეს, ქონებასა და გარემოს.ლიტვის ხელისუფლების მტკიცებით, ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო ამ პრაქტიკას შეგნებულად უწყობს ხელს და მას ჰიბრიდული შეტევის ნაწილად იყენებს.

ბუშტების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევამ ვილნიუსის აეროპორტის დახურვა და ლიტვა-ბელარუსის საზღვრის დროებითი ჩაკეტვა უკვე გამოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა აღნიშნა, რომ სამხედროები ამჟამად პატრულირებაში ყოველდღიურად მონაწილეობენ და ხელისუფლება ერთი თვის შემდეგ გადახედავს, საჭიროა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ კოულმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს აუქმებს, რის სანაცვლოდაც ბელარუსი პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

სანქციების მოხსნის გადაწყვეტილების პარალელურად, ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა, მათ შორის, ბელარუსის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, მარია კალესნიკოვა, და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ალეს ბიალიაცკი.

აშშ-მ ბელარუსული Belaruskali 2021 წელს დაასანქცირა, რის გამოც მინსკს მოუწია, კალიუმის გადაზიდვა რუსეთის გავლით დაეწყო, რამაც ქვეყანა ეკონომიკური კუთხით კიდევ უფრო დააახლოვა რუსეთთან. 

კომენტარები