ლიტვის პრემიერმინისტრმა, ინგა რუგინენემ განაცხადა, რომ საჰაერო ბუშტებით ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ლიტვა ბელარუსთან საზღვრის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვას და საზღვრის დამრღვევი ნებისმიერი ბუშტის ჩამოგდებას აპირებს.
ამის შესახებ რუგინენემ ლიტვის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
"ბელარუსს ვუგზავნით გზავნილს, რომ არანაირ ჰიბრიდულ თავდასხმას არ მოვითმენთ და ასეთი თავდასხმების აღსაკვეთად უმკაცრეს ზომებს ვიღებთ. [...] შეიარაღებული ძალები ყველა საჭირო ზომას, მათ შორის, კინეტიკურ ზომებსაც, მიიღებენ, რათა ბუშტები ჩამოაგდონ". - თქვა რუგინენემ.
რუგინენემ ასევე თქვა, რომ ლიტვა ევროკავშირის დონეზე ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, არ გამორიცხავენ NATO-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
მანამდე, ლიტვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრმა განაცხადა, რომ გუშინ, 26 ოქტომბრის საღამოს რადარებმა ბელარუსიდან ლიტვაში მიმავალი 66 საჰაერო ობიექტი შენიშნა.
ამჟამად ქვეყნებს შორის საზღვარი ჩაკეტილია, თუმცა დიპლომატიური პირებისთვისა და ბელარუსიდან მიმავალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის კვლავ ღია რჩება.
ცნობისთვის, გასული კვირის განმავლობაში ლიტვის ხელისუფლებას ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების მიერ ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის გამო ვილნიუსის საჰაერო სივრცის ოთხჯერ ჩაკეტვა მოუწია.





