ლიტვა-ბელარუსი

ლიტვა ბელარუსს მის ტერიტორიაზე მიგრანტების შეყვანის ორგანიზების ბრალდებით ICJ-ში უჩივის

ლიტვა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსგან (ICJ) მოითხოვს, დაადგინოს, რომ ბელარუსმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები მის [ლიტვის] ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ შეყვანის სავარაუდო ორგანიზებით და მიენიჭოს შესაბამისი კომპენსაცია.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ქვეყანამ ჰააგის სასამართლოში საჩივარი 19 მაისს შეიტანა. უწყების ცნობით, საქმე ეხება ბელარუსის მიერ გაეროს ოქმის ფარგლებში, მიგრანტების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ნაკისრი ვალდებულებების სავარაუდო დარღვევას.

როგორც ABC News აღნიშნავს, გასულ წელს ბელარუსიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრებთან მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებმა ბელარუსი მიგრანტებისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ამასთან დეკემბერში, ევროკავშირმა პოლონეთს და აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს თავშესაფრის მიღების უფლების დროებითი შეჩერების ნებართვა მისცა, რადგან თვლიდნენ, რომ ბელარუსი და რუსეთი მიგრანტებს ევროკავშირის დესტაბილიზაციის მიზნით "იარაღად იყენებდნენ".

ლიტვის საგარეოს საქმეთა სამინისტრო განცხადებით, მათ შეგროვებული აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბელარუსის პირდაპირ მონაწილეობას მიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ბელარუსში ფრენების რაოდენების გაზრდით.

ლიტვის მტკიცებით, ბელარუსში ჩასვლის შემდეგ ბევრი მიგრანტი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს ლიტვის საზღვართან მიყავდათ და უკანონოდ გადაკვეთას აიძულებდნენ. ამასთან, ლიტვის თქმით, ბელარუსის სასაზღვრო სამსახური უარს ამბობდა უკანანო გადაკვეთების შეჩერების მიზნით ლიტველ კოლეგებთან თანამშრომლობაზე.

კომენტარები