დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანის თავდაცვა: სომხეთის ძალებმა აზერბაიჯანული დანაყოფის მიმართულებით ისროლეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რომ სომხეთის ძალებმა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფის მიმართულებით ისროლეს.

"9 ივლისს 21:05 საათზე  ჩამბარაკის რაიონში სომხეთის სამხედრო დანაყოფებიდან გედაბექსის რაიონში, სოფელ ზემანლიში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით გაისროლეს. მსხვერპლი და დაშავებული არავინ არ არის". - წერია განცხადებაში.

გასულ კვირაში, 3 ივლისს, სომხეთმა აზერბაიჯანს 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლების სანაცვლოდ დანაღმული ტერიტორიის რუკა გადასცა. პროცესში სომხეთს შუამავლობა რუსეთმა გაუწია. 


2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულია.

12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ივნისში სომხეთმა, საქართველოს შუამავლობით, აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები 15 დატყვევებულ სომეხ სამხედროში გაუცვალა. სამხედროები სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ. 

სომხეთის უკმაყოფილება მოჰყვა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულ შუშის დეკლარაციას.

კომენტარები