ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობა

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის ბრალდებით 17 პირი დააკავეს, 3 შეტაკების დროს მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში დადანაშაულებული პირები
CNN

ჰაიტის პოლიციის თქმით, პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილეობა 28-კაციანმა უცხოელ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფებამ მიიღო. ამ ბრალდებით პოლიციამ 17 პირი დააკავა. ჰაიტის სამართალდამცველებმა დამნაშავეებთან შეტაკების დროს 3 პირი მოკლეს. 8 პირი მიიმალა.

პოლიციელებმა დაკავებული პირები ჩამორთმეული იარაღითურთ მედიის წინ გამოატარეს და კამერების წინ დასვეს.

დაკავებულები, პოლიციის თქმით, ყოფილი კოლუმბიელი სამხედროები არიან. ასევე, არის ამერიკის 2 მოქალაქეც, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარი მოქალაქეების დაკავებას ვერ ადასტურებენ.

პოლიციის თქმით, ისინი ჯერ კიდევ ეძებენ მას, ვინც მკვლელობის უკან დგას.

აქამდე, გუშინ, 8 ივლისს, ჰაიტის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ 2 პირი დააკავეს და 4 შეტაკების დროს მოკლეს.

7 ივლისს შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვანები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა

ჰაიტის ელჩმა აშშ-ში თქვა, რომ პრეზიდენტზე თავდამსხმელებმა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის კონტროლის სააგენტოს წევრებად გაასაღეს თავი და ასე შეძლეს რეზიდენციაში შესვლა.

დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც. 

ამის შესახებ განცხადება ჰაიტის პრემიერმინისტრმა, კლოდ ჟოსეფმა გააკეთა. მისი თქმით, ახლა ქვეყნის მეთაურის ადგილს დროებით თავად დაიკავებს. 

ჟოზეფმა დაგმო ეს "არაადამიანური და ბარბაროსული" აქტი და თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ. 

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო. ოპოზიცია მას დიქტატურის დამყარების სურვილში ადანაშაულებდა, რასაც მოიზი უარყოფდა. 

კომენტარები