ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობა

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ ჰაიტი აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

ჰაიტი
Axios

ჰაიტის ხელისუფლება ამერიკას სამხედრო ძალის გამოგზავნას სთხოვს ქვეყნის ინფრასტრუქტურის დასაცავად მას შემდეგ, რაც ჰაიტის პრეზიდენტი, ჟოვენელ მოიზი მისსავე რეზიდენციაში მოკლეს.

პენდაგონმა დაადასტურა მსგავსი კომუნიკაცია: "ჰაიტის ხელისუფლებამ გვთხოვა უსაფრთხოებისა და საგამოძიებო დახმარება და ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ, რათა განვიხილოთ როგორ შეიძლება ამერიკა დაეხმაროს აიტის ხელისუფლებას".

ჰაიტის ხელისუფლებამ გაეროსაც მიმართა, რათა მშვიდობისმყოფელი ძალები გამოუგზავნონ.

კვირის დასაწყისში თეთრი სახლის პრესის მდივანმა, ჯენ პსაკიმ თქვა, რომ ამერიკა ჰაიტის საგამოძიებო საქმიანობაში დაეხმარება და ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაგზავნის.

ამასთან ერთად, ამერიკა ჰაიტის გაუგზავნის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს შემდეგი კვირის დასაწყისში.

ჰაიტის პოლიციის თქმით, პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილეობა 28-კაციანმა უცხოელ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფებამ მიიღო. ამ ბრალდებით პოლიციამ 17 პირი დააკავა. ჰაიტის სამართალდამცველებმა დამნაშავეებთან შეტაკების დროს 3 პირი მოკლეს. 8 პირი მიიმალა.

7 ივლისს შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვანები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა

ჰაიტის ელჩმა აშშ-ში თქვა, რომ პრეზიდენტზე თავდამსხმელებმა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის კონტროლის სააგენტოს წევრებად გაასაღეს თავი და ასე შეძლეს რეზიდენციაში შესვლა.

დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც. 

ამის შესახებ განცხადება ჰაიტის პრემიერმინისტრმა, კლოდ ჟოსეფმა გააკეთა. მისი თქმით, ახლა ქვეყნის მეთაურის ადგილს დროებით თავად დაიკავებს. 

ჟოზეფმა დაგმო ეს "არაადამიანური და ბარბაროსული" აქტი და თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ. 

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო. ოპოზიცია მას დიქტატურის დამყარების სურვილში ადანაშაულებდა, რასაც მოიზი უარყოფდა. 

კომენტარები