ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობა

ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილე 4 პირი მოკლა

ჰაიტის პოლიციამ შეძლო პრეზიდენტზე თავდამსხმელებიდან 2 პირის დაკავება და 4-ის მოკვლა

"როდესაც დანაშაულის ადგილი დატოვეს, მათ გზა გადავუკეტეთ. მას შემდეგ მათთან შეტაკება გვაქვს. ყველას დავხოცავთ ან დავაკავებთ". – ამბობს ჰაიტის პოლიციის უფროსი. 

ჰაიტის ელჩმა აშშ-ში თქვა, რომ პრეზიდენტზე თავდამსხმელებმა აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის კონტროლის სააგენტოს წევრებად გაასაღეს თავი და ასე შეძლეს რეზიდენციაში შესვლა. 

მთავრობამ მკვლელებთან საბრძოლველად ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიცია მათ უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს უწოდებს და ამბობენ, რომ კარგად ნავარჯიშები მკვლელები არიან. 

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობა დაგმეს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. 

7 ივლისს დაუდგენელი შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვანები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა

დაჭრილია ჰაიტის პირველი ლედიც. 

ამის შესახებ განცხადება ჰაიტის პრემიერმინისტრმა, კლოდ ჟოსეფმა გააკეთა. მისი თქმით, ახლა ქვეყნის მეთაურის ადგილს დროებით თავად დაიკავებს. 

ჟოზეფმა დაგმო ეს "არაადამიანური და ბარბაროსული" აქტი და თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ. 

თავდასხმა ჰაიტიში პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე მოხდა. 

კარიბის ზღვაში მყოფი ქვეყნის ქუჩებში ხშირია სხვადასხვა ბანდებისა და დაჯგუფებების შეტაკებები ერთმანეთთან ან პოლიციასთან.

მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წლიდან იყო. ოპოზიცია მას დიქტატურის დამყარების სურვილში ადანაშაულებდა, რასაც მოიზი უარყოფდა. 

კომენტარები