ავღანეთი

დიდი ბრიტანეთი ავღანეთში მხოლოდ მცირე რაზმს დატოვებს საელჩოს დასაცავად

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ავღანეთს NATO-ს მისიის ფარგლებში მყოფი ყველა ბრიტანელი სამხედრო დატოვებს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს არ დაუსახელებია ჯარების სრულად გამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა, მისი თქმით, ავღანეთი მათი სამხედრო ძალების დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა. 

"იმედია, არავინ დაასკვნის შეცდომით, რომ ჩვენი ძალების გამოყვანა ავღანეთისთვის ბრიტანეთის თანადგომის შეწყვეტას ნიშნავს. არ ვაპირებთ ამის შეცვლას და არც რაიმე ილუზიები გვაქვს შექმნილი დღევანდელი სახიფათო სიტუაციისა და მომავალი საფრთხეების შესახებ". – დაამატა ბორის ჯონსონმა. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში დარჩება მხოლოდ მცირე სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ავღანეთში მყოფ საელჩოს დაიცავს. 

4 ივლისს ბრიტანულმა გამოცემა Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთი ავღანეთში სპეციალური დანიშნულების ძალების დატოვებას აპირებს და ამას პრემიერი ბორის ჯონსონი განიხილავს. 

დიდი ბრიტანეთის მისიას ავღანეთში, 2001 წლიდან მოყოლებული, 457 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 


აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები