ავღანეთი

ავღანეთის ეროვნულმა არმიამ, თალიბანთან შეტაკების შემდეგ, პროვინციის დედაქალაქი დაიბრუნა

ავღანეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცი საგუშაგოზე, მაჰიპარი, 2021 წლის 8 ივლისი.
Reuters

ავღანეთის ეროვნულმა გვარდიამ 8 ივლისს, თალიბანთან შეტაკების შემდეგ ბადღისის პროვინციის დედაქალაქი, ქალა-ი-ნაუ დაიბრუნა

ბადღისის პროვინცია თურქმენეთს ესაზღვრება. თალიბანმა პროვინციის დედაქალაქი ოთხშაბათს, 7 ივლისს დაიკავა და მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო მისი გაკონტროლება. თალიბანის ბოლო თავდასხმებში პროვინციის დედაქალაქის დაკავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწინაურება იყო.

ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლების თქმით, მათ ქალაქი დაიბრუნეს, თუმცა მის შემოგარენთან შეტაკებები კიდევ გრძელდება. 

"ქალაქი სრულად ჩვენს კონტროლქვეშაა და ქალაქის მისადგომებთან ჩვენ თალიბანის წინააღმდეგ ოპერაციებს ვატარებთ". – თქვა ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა. 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ ხელში ჩაუვარდათ ქალაქში თალიბანის მიერ დატოვებული იარაღი. 


აშშ-მ ავღანეთში საკუთარი სამხედრო კამპანია ფაქტობრივად დაასრულა და მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი დარჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. 

თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება.

კომენტარები