დონალდ ტრამპი

ტრამპი Google-ს, Twitter-ს და Facebook-ს ცენზურაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Google-ს, Twitter-ს და Facebook-ს ცენზურაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

დონალდ ტრამპმა სარჩელი სიტყვის თავისუფლებისთვის "ლამაზ განვითარებად" შეაფასა.

სარჩელით ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებით მის წინააღმდეგ ცენზურის შეწყვეტას მოითხოვს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ, თუ კომპანიებს შეუძლიათ პრეზიდენტს შეუზღუდონ სოცმედიით სარგებლობა, იგივე ყველას შეიძლება გაუკეთონ.

სარჩელთან დაკავშირებით კომპანიებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტრამპის სარჩელს აკრიტიკებენ სამართლის ექსპერტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტრამპს სასამართლოში სარჩელი ხშირად მედიის ყურადღების მისაქცევად შეაქვს, თუმცა უშუალოდ სასამართლო პროცესზე აქტიურად არ იცავს თავის პოზიციას. ტრამპის მთავარი არგუმენტი ეხება აშშ-ს კონსტიტუციის პირველ მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს, თუმცა სოციალურ მედიაკომპანიებს იმავე მუხლით აქვთ უფლება, განსაზღვრონ, რა კონტენტი განთავსდება მათ საიტებზე.

დონალდ ტრამპს სოციალურ მედიაზე წვდომა 2021 წლის 6 იანვარს მისი მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეუზღუდეს.

6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სოციალურ მედიაში ვიდეომიმართვები გაავრცელა, რის შემდეგაც სოცმედიებმა, Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დროებით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაბლოკეს. მოგვიანებით YouTube-მა ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა.

Twitter-მა, რომელსაც ტრამპი ყველაზე აქტიურად იყენებდა, მისი ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიის განმარტებით, ეს "ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო" მოხდა.

კომენტარები